მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2023
31 მაისი, 2023
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია (FCTC) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 წლის წინ, 2003 წელს შეიმუშავა და დღეს იგი უკვე 168 ქვეყანას აერთიანებს. ჩარჩო-კონვენცია მოიცავს რიგ საკითხებს: თამბაქოს მოხმარებისა და პრევენციის პოლიტიკის მონიტორინგი, მოსახლეობის დაცვა თამბაქოს კვამლისაგან, თამბაქოზე თავის დანებების დახმარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს ზიანის შესახებ, თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და ეტიკეტის კონტროლი; თამბაქოზე გადასახადების გაზრდა და სხვა.
საქართველო ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა 2005 წლიდან და ევროპის რეგიონში სერიოზულ პროგრესს მიაღწია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.
თამბაქოს კონტროლის გაძლიერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი საკითხია.
2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდა კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ, საგადასახადო და ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსები). საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ტვირთის შემცირების კუთხით. კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და ყველა მიმართულებით აჭარბებს 90%-ს.
ამჟამად თამბაქოს მოიხმარს საქართველოს მოსახლეობის 28.2% (2020 წლის ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კვლევა); სახეზეა 3%-იანი კლება (მამაკაცებში შემცირდა 7.5%-ით ხოლო ქალებში 1.5%-ით) - თამბაქოს ამჟამინდელი მოხმარების მაჩვენებელი 2016 წელს იყო 31% (STEPS 2016), ხოლო 2019 წელს 30.7% (თამბაქოს ეროვნული კვლევა 2019).
2016 წელთან შედარებით (STEPS 2016) თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი 2019 წლისთვის (თამბაქოს ეროვნული კვლევა 2019) გაიზარდა 0.3 ერთეულით, 18.3 წლიდან 18.6 წლამდე, შესაბამისად.
2016 წელთან შედარებით (STEPS 2016) დღიურად მოხმარებული ქარხნული სიგარეტის საშუალო რაოდენობა 2019 წლისთვის (თამბაქოს ეროვნული კვლევა 2019) შემცირდა 2.8 ღერით, 21.4 ღერიდან 18.6 ღერამდე (ქალებში - 1.8 ღერით და მამაკაცებში - 2.7 ღერით).
2016 წელთან შედარებით (STEPS 2016) თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენა 2019 წლისთვის (თამბაქოს ეროვნული კვლევა 2019) სახლში შემცირდა 4.4%-ით (43%-დან 38.4%-მდე); ხოლო სამსახურში 4.7%-ით (15.8%-დან 11.1%-მდე).
16 წლის მოზარდებში თამბაქოს მოხმარება შემცირდა 18%-დან (ESPAD 2015) 11%-მდე (ESPAD 2019); ჩილიმის მოხმარება – 33%-დან 15%-მდე და E-სიგარეტის – 19%-დან 7%-მდე.
2018 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მწვავე მდგომარეობების (მიოკარდიუმი ინფარქტი; ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი) გამო ჰოსპიტალიზაციის სიხშირე ზრდასრულებში და ბრონქული ასთმის შემთხვევების სიხშირე ბავშვებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების ფონდთან ერთად 2017 წელს განხორციელებული საინვესტიციო შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ ქვეყანაში პირდაპირი (ჯანდაცვის ხარჯები) და არაპირდაპირი (ნაადრევ სიკვდილსა და მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) დანახარჯები 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს.
თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას და 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს. თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით ქვეყის უკუგება 5 წელიწადში იქნება 161 ლარი და 15 წელიწადში კი 357 ლარი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება სადა შეფუთვის დადგენილება; დამტკიცების პროცესშია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის წესი.
2012-დან 2021-წლამდე თამბაქოს გადასახადის წილი 15%-დან 71%-მდე, ხოლო თამბაქოს ფასი კი 2.75-ჯერ გაიზარდა.
დამტკიცებულია და მოქმედებს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 -2025 და სამოქმედო გეგმა 2021-2023 - გვაქვს ამბიციური მიზანი შევუერთდეთ TOBACCO END GAME-ს, რაც ნიშნავს, რომ 2022 წლიდან დაბადებული თაობებისთვის აიკრძალება თამბაქოს ნებისმიერი სახის პროდუქტის მიყიდვა და 2040 წლისათვის მოსახლეობაში მოხმარების მაჩვენებელს 5%-მდე შევამცირებთ.
მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის თამბაქოს უკანონო ვაჭრობის პროტოკოლზე მიერთების ინიცირებისთვის.
თუმცა ასევე შეინიშნება თამბაქოს ახალი პროდუქტების (ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო) პოპულარობის ზრდის ტენდენცია. ეს ახალი პროდუქტები თამბაქოს ინდუსტრიის შეცდომაში შემყვანი აგრესიული მარკეტინგის ფარგლებში წარმოდგენილია, როგორც „ზიანის შემცირების საშუალება“, „თავის დანებების საშუალება“, „ჯანსაღი ალტერნატივა“ და ა.შ. სინამდვილეში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ, შესაძლოა გასახურებელი თამბაქოს (საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია IQOS-ის სახით) კვამლში შემცირებული იყოს გარკვეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია, თუმცა 20-ზე მეტი მავნე და პოტენციურად მავნე ქიმიური ნაერთის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად აღემატება ტრადიციული სიგარეტის კვამლში არსებული ამავე ნაერთების კონცენტრაციას. ამასთან, IQOS-ის კვამლში დამატებით გვხვდება ისეთი ნაერთები, რომელიც არ გვხვდება ტრადიციული სიგარეტის კვამლში და ჯანმრთელობაზე მათი გავლენა ამ ეტაპზე უცნობია.
თამბაქოს ყველა ნაწარმი იწვევს დამოკიდებულებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მწეველის, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანის ჯანმრთელობას.
გაიგე სიმართლე! ნუ გახდები თამბაქოს ინდუსტრიის ახალი სამიზნე!
თამბაქოს კონტროლის გაძლიერება: გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს, გააძლიერებს ეკონომიკურ ზრდას, შეამცირებს სიღარიბეს, ხელს შეუწყობს თანასწორობას, გაზრდის სახელმწიფოს შემოსავალს, დაიცავს გარემოს
2023 წლის მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე სლოგანია - თამბაქოს მოყვანა არ ზრდის ეკონომიკას და მთლიან შიდა პროდუქტს, იგი აავადებს ფერმერებს, მათ ოჯახებს და პლანეტას!
თამბაქოს ინდუსტრია ექსპლუატაციას უწევს ქვეყნებს! ამიტომ მოიყვანე საკვები და არა თამბაქო!
იხილეთ გალერეა